რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძის მიერ პრაღაში ე.წ.

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძის მიერ პრაღაში ე.წ. "მცოცავი ოკუპაციის" საკითხის დაყენებას ადასტურებს

რუსეთის საგარეო უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან უნდა შედგეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამისათვის არსებობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფორმატი. როგორც ლავროვის უწყება აღნიშნავს არსებითად, საუბარია იმაზე, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რეგიონში არსებული სიტუაციის გაუფასურება მოხდეს.

„ზურაბ აბაშიძემ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ირგვლივ არსებულ მწვავე ვითარებაზე ისაუბრა. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მსგავსი საკითხები ოსურ მხარესთან, პირდაპირი დიალოგის გზით უნდა მოხდეს. სწორედ ამისათვის არსებობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კიდევ ერთხელ აღინიშნა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით სამხრეთ კავკასიაში.

„მიუხედავად იმისა, რომ პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მიდგომები და შეხედულებები არსებობს, პრაღის შეხვედრის საქმიანმა ატმოსფერომ ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების საკითხების პრაქტიკულ განხილვებს“, - აღნიშნავენ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

პრაღაში, 15 ივლისს გამართული შეხვედრის დროს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების საკითხზე ისაუბრა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.