„ჩვენ ვგმობთ იმ ქმედებებს, რაც ე.წ. საზღვრისპირას ხდება“

„ჩვენ ვგმობთ იმ ქმედებებს, რაც ე.წ. საზღვრისპირას ხდება“

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. "მცოცავი ანექსიის" საკითხზე საჭიროა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა.

კალაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მუშაობენ ამ მიმართულებით და გაიმართება შეხვედრები არა მარტო საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, არამედ სხვადასხვა მისიებთანაც.

„ჩვენ, ამ დღეების განმავლობაში, არაერთხელ გავაკეთეთ ძალიან მკვეთრი განცხადებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ ვგმობთ იმ ქმედებებს, რაც ე.წ. საზღვრისპირას ხდება. ძალიან მტკივნეულია ეს თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. დიპლომატიურ კორპუსს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მისიებს, მაქსიმალურად უნდა მივაწვდინოთ ხმა და ავუხსნათ იმ რეალობასთან დაკავშირებით, რაც ხდება ე.წ. საზღვრისპირა მიდამოებში. შს სამინისტრო და ასევე საგარეო უწყება, მუშაობს ამ მიმართულებით. ინფორმაცია მიწოდებული იქნება და შესაბამისად, შეხვედრებიც იქნება არა მარტო საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, არამედ სხვადასხვა მისიებთან“, - განაცხადა კალაძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.