„დაჯარიმებული კომპნიების ქმედება იყო ძალიან ცუდი, რაც ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს“

„დაჯარიმებული კომპნიების ქმედება იყო ძალიან ცუდი, რაც ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს“

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სექტორში დაწყებულია მოკვლევა, რასაც პრევენციის სახე ექნება.

კახა კალაძის თქმით, კომპანიების ქმედება ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღი გარემოს განვითარებას.

„8 თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოკვლევა, შესწავლა ამ მიმართულებით და ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნა გატარებული. ძალიან დიდია საქმის მასალები. კონკრეტულ კომპანიებს რაც შეეხება, ედავებიან, რომ მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება საბოლოო მომხმარებლისთვის. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი, ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღი გარემოს განვითარებას. ჩემი აზრით, გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, არის პრევენციის სახე. მე როგორც მოვისმინე, კვლევები სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სექტორშია დაწყებული და ალბათ, მომავალში, ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ დაჯარიმებული კომპანიები სარჩელს შეიტანენ, როგორი იქნება ხელისუფლების ნაბიჯი, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მათ ამის უფლება აქვთ, ხელის შეშლას არავინ აპირებს და შესაბამისად, შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში.

ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა დაასრულა. სააგენტომ ხუთი მსხვილი ნავთობკომპანია ჯამში 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. როგორც კონკურენციის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, „ვისოლს“ „რომპეტროლს“, სოკარს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ჯარიმები დაეკისრა, რადგან ისინი ფასებთან დაკავშირებით შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ბარაბაძის ინფორმაციით, 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში და იზღუდებოდა წარმოება.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის შესწავლა პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყო.