მურატ ჯიოევის მტკიცებით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები არა რუსმა, არამედ ოსმა მესაზღვრეებმა განათავსეს

მურატ ჯიოევის მტკიცებით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები არა რუსმა, არამედ ოსმა მესაზღვრეებმა განათავსეს

პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის მტკიცებით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები არა რუსმა, არამედ ოსმა მესაზღვრეებმა განათავსეს.

როგორც ჯიოევმა სააგენტო "რესთან" ინტერვიუში განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის აღმნიშვნელი 3 ნიშანი დააზიანეს, რაც კანონდარღვევაა.  "საქმე გვაქვს ხულიგნობასთან და პროვოკაციასთან, რომელსაც თან სდევს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო შემოჭრა. მოგეხსენებათ, რომ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ძალები საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებს ანთავსებენ მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან მინიმუმ 50 მეტრის მოშორებით", - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, იმის მაგივრად რომ თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან "თავისუფალი ზონის" მსგავსი "ენჯეოშნიკების" პროვოცირება აღკვეთოს, საქართველოს ხელისუფლებამ ანტირუსული ისტერია ააგორა. რუსი მესაზღვრეები კი, ჯიოევის მტკიცებით, სასაზღვრო ნიშნების განთავსებასთან არავითარ კავშირში არ არიან, ვინაიდან საზღვრის მოწყობის სამუშაოებს სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები ახორციელებენ.

"საბოლო ჯამში, ისტერიკა, რომლებიც ქართველებმა ატეხეს, შეიძლება დაავადების "საზაფხულო გართულებად" შევაფასოთ. ანალოგიური მოქმედებებს, "ფართო საერთაშორისო ყურადღების" მიპყრობით და სხვადასხვაგვარი ბაკქანალიის თანხლებით, წინა წლებშიც ჰქონდა ადგილი დიცში, დვანსა და ღორეთში. სამხრეთ ოსეთის მხარეს მიაჩნია, რომ სადავო საკითხები საზღვართან დაკავშირებით მშვიდობიანად, საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატში უნდა მოგვარდეს", - განაცხადა ჯიოევმა და დასძინა, რომ ამ მიზნით ოსურმა მხარემ უკვე მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანაათავმჯდომარეების ინფორმირება.