„ყველა ვხედავთ რა ხდება - მსოფლიოში, ევროპაშიც საერთაშორისო სამართალი მოიშალა“

„ყველა ვხედავთ რა ხდება - მსოფლიოში, ევროპაშიც საერთაშორისო სამართალი მოიშალა“

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური ფორმა საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმირებაა.

აბაშიძემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.

„ჩვენ ახლა გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ რაღაც შეხვედრით მოხდება გადარწმუნება, რომ რუსეთი შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მეზობელი ქვეყნების მიმართ. ვხედავთ რა პოლიტიკა აქვს მას უკრაინაში, ზოგადად რა ურთიერთობებია დასავლეთსა და რუსეთს შორის. ყველას უჭირს რუსეთთან ურთიერთობა. ჩვენც ძალიან გვიჭირს. ამიტომ, რელობიდან უნდა გამოვიდეთ. მე არ მქონდა იმის მოლოდინი გუშინ, რომ გადავარწმუნებდი, ვიღაც დარცხვენილი შეტრიალდებოდა, ბანერს გადაიდებდა ზურგზე და წავიდოდა რუსეთში. ამის არანაირი მოლოდინი არ იყო“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, გუშინ კარასინს საუბარი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, დავით დონდუასთან და იქ ჩამოაყალიბა ის პოზიცია, რაც მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რომ ამ „ქვეყნებს“ უფლება აქვთ თავისი ე.წ. საზღვრები ჰქონდეთ, რუსეთი მათ ამ საზღვრების შექმნაში ეხმარება და, რომ ყველაფრი კარგად არის და საერთაშორისო სამართალს შეესაბამება.

„ეს არის ყველაზე დრამატული წინააღმდეგობა ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს არის ყველაზე ტრაგიკული შედეგი 2008 წლის ომისა, რომელმაც ჩვენ ასეთი რეალობა მოგვცა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ. მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ იგი დავძლიოთ, მაგრამ ასეთ რთულ რეალობაში ვართ ახლა ჩვენ. ბრძოლის ერთადერთი რეალური და ეფექტური ფორმა გახლავთ ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, მაქსიმალურად უნდა ავამოქმედოთ ჩვენი საერთაშორისო დიპლომატიური ბერკეტები, საერთაშორისო მედიაც და შევეცადოთ ჩვენი სიმართლე მივიტანოთ ყველგან იმისათვის, რათა ამან გარკვეული შედეგები გამოიღოს. იმის, მოლოდინი, რომ ამ ზეწოლით რუსეთი რაღაცას შეცვლის, არ არის ძალიან მაღალი. ვცხოვრობთ რაღაც რეალურ სამყაროში, ყველა ვხედავთ რა ხდება. მოიშალა მსოფლიოში, კერძოდ ჩვენს ირგვლივ - ევროპაშიც საერთაშორისო სამართალი. ასე, რომ ძლიერი სახელმწიფოები, კერძოდ რუსეთი იქცევა ისე, როგორც თავისთვის თვლის საჭიროდ. რაც უფრო გამომწვევად იქცევა გარეთ, მით უფრო მტკიცედ გრძნობს თავს შიგნით. ასეთ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ეს არის მწარე რეალობა. არ გვაქვს ჩვენ არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის. ხშირად ჩვენი არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის“, - აღნიშნა აბაშიძემ.

პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს შეეხო.