„2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“

„2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების მონიტორინგის საკითხზე რუსეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედში“ ჩართვისას განაცხადა, ამ კუთხით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოედგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„მე ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საუბარია საბაჟო მონიტორინგის შესახებ მთავრობათაშორის ხელშეკრულებაზე. გადაწყდა, რომ ვიწყებთ ამ პროექტზე მუშაობას. ამ წლის აგვისტოს ბოლოს უკვე შეიკრიბება ქართულ-რუსულ-შვეიცარიული სამუშაო ჯგუფი შვეიცარიაში. იქ მოხდება შესაბამისი დოკუმენტების შეჯერება, შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი და უკვე შვეიცარიაში ეს ერთობლივი კომიტეტი დაიწყებს ამ პროექტის იმპლემენტაციაზე მუშაობას. პრაღაში ამაზე საუბარი საჭირო აღარ იქნება“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ასევე სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლების მიზნით, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში სასჯელს იხდიან.

„ვფიქრობ ახლო მომავალში ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება“, - აღნიშნა აბაშიძემ.