პარლამენტარები კანონებში გამოყენებული უცხოენოვანი ტერმინების ქართულით შეცვლის საჭიროებას ხედავენ

პარლამენტარები კანონებში გამოყენებული უცხოენოვანი ტერმინების ქართულით შეცვლის საჭიროებას ხედავენ

პარლამენტში, კანონებში გამოყენებული უცხოენოვანი ტერმინების ქართულით შეცვლის საჭიროებას ხედავენ, თუმცა დეპუტატები იმაზეც თანხმდებიან, რომ ყველა სიტყვის გადმოქართულება ვერ მოხერხდება.

პოზიციები ამასთან დაკავშირებით "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას დაფიქსირდა, რომელიც პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს.

დეპუტატმა დემურ ბაშელეიშვილმა პროექტში გამოყენებული სიტყვა "სერტიფიკატის", "მოწმობით" შეცვლა მოითხოვა. მან სხვა ტერმინებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ისიც, რომ პარლამენტის აპარატს პარლამენტის შენობაში არსებული უცხოენოვანი წარწერების ქართულით შეცვლა უნდა დაევალოს.

ბაშელეიშვილის პოზიცია კანონპროექტის წარმდგენმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ვანო კიღურაძემ გაიზიარა, თუმცა როგორც განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ნორმებს ენის კომისია შეიმუშავებს.

"ყველა სიტყვის გადმოქართულება ვერ მოხერხდება. მაგალითად რუსებმა ვერ მოახერხეს "ფეხბურთის" რუსულად ჩამოყალიბება. ქართველებმა მოვახერხეთ. სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, ეს უნდა გაკეთდეს. გასული საუკუნის 20-იან წლებში მათემატიკოსები "ცილინდრთან" დაკავშირებულ ტერმინოლოგიაზე რომ ფიქრობდნენ, ადგილი ჰქონდა მცდელობას, ცილინდრისთვის "გოდილი" დაერქმიათ. ეს არ გამოვიდა, მაგრამ შემოიღეს შესანიშნავი სიტყვა "წრფე", "განტოლება" და ამით წარმოაჩინეს, რა ამოუწურავი სიმდიდრის არის ქართული ენა. მაგალითად, ქართველებმა "ტოკი" რომ არ გადმოიღეს და არის "დენი", არ გადმოიღეს "რელსი" და არის "ლიანდაგი", ეს ხომ შესანაშნავი რამ არის, მაგრამ სადაც სხვა გამოსავალი არ არსებობს... მაგალითად, "კონუსი". იყო მცდელობა რომ მისთვის "წოწი" დაერქმიათ, მაგრამ არ გამოვიდა. ყველა ეს მცდელობა თავისთავად მისასალმებელია. სხვადასხვა ასეთი მცდელობის დროს შეიძლება აღმოჩენა გააკეთო, რომელიც ენას გაამდიდრებს", - განაცხადა კიღურაძემ და აქვე აღნიშნა ისიც, რომ ამაზე თავისი სიტყვა ენის კომისიამ უნდა თქვას და ნორმები პარლამენტს მან შესთავაზოს.

დეპუტატ გუგული მაღრაძის განცხადებით კი, ქართულ ენაში შემოსულია სიტყვები, რომელიც იმდენად დამკვიდრებულია, რომ ენის სტუქტურაში ზის. მაღრაძის თქმით, თავის დროზე ფსიქოლოგებს ჰქონდათ მცდელობა, "ვაგონის" ნაცვლად სიტყვა "რონოდა" შემოეტანათ, მაგრამ ქართულში არ დამკვიდრდა. "არის შემოტანილი სიტყვები, რომლის ამოგლეჯაც უფრო მეტ უხერხულობას შექმნის", - აღნიშნა მაღრაძემ.