საბაჟო მონიტორინგის საკითხზე შვეიცარიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საბაჟო მონიტორინგის საკითხზე შვეიცარიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება

საბაჟო მონიტორინგის საკითხზე აგვისტოში შვეიცარიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საბაჟო მონიტორინგის შესახებ მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აგვისტოში შვეიცარიაში უკვე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ალბათ, გაფორმდება უკვე შესაბამისი ერთობლივი კომიტეტი, გაფორმდება კონტრაქტები შვეიცარულ კომპანიასთან და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროექტი ამოქმედდება", - განაცხადა აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, მოხდა იმ საკითხების ჩამონათვალის დასახვა, რომელიც მოსაგვარებელია.

"ეს ეხება ცალკეულ სამინისტროებს და ტრანსპორტის უწყებას, სავაჭრო ორგანიზაციებს და ჰუმანიტარულ სტრუქტურებსაც, რომლებმაც უკვე დაიწყეს აქტიური თანამშრომლობა. მორიგ შეხვედრაზე ტელეფონით შევთანხმდებით, მანამდე კი მთავარია, ვიმუშაოთ პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაზე. სურვილი დიდია, როგორც ნახეთ ამჯერად ჩვენი კოლექტივის შემადგენლობაში სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები ჩავრთეთ, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ საუბარში და ვფიქრობ იგრძნეს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობის განწყობა გვაქვს. ვაპირებთ, რომ ეს პრაქტიკა მომავალშიც გავაგრძელოთ", - განაცხადა კარასინმა, რომლის კომენტარის ქართული თარგმანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.