ოჯახის ექიმი ოჯახის მეგობარია

ოჯახის ექიმი ოჯახის მეგობარია

პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე სასაუბროდ საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკის, „გიდმედის“ ოჯახის ექიმს, ნატო გრიგოლიას დავკავშირდით.

როგორც ნატო გრიგოლია მიიჩნევს, პირველადი ჯანდაცვის რგოლი უფრო ხელმისაწვდომია. „პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ჯანდაცვის სისტემაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ჯანდაცვის რომელი რგოლი სჯობს, პირველადი, მეორეული თუ მესამეული. სამივეს თავის დანიშნულება აქვს. პირველი დონეა ის, რითაც პაციენტი უნდა გადავიდეს შემდეგ დონეებზე. ამიტომ ფუნქციები გადანაწილებულია. თუმცა სკრინინგი ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე შემდეგი ეტაპები. პირველ დონეზე ირკვევა დაავადების მიზეზები, ხდება სკრინინგი, ხდება ქრონიკული დაავადებების მართვა, რაც მეორე დონეზე არ არის“, - ამბობს იგი.

მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის ექიმი ოჯახის ფსიქოლოგიცაა. „ოჯახის ექიმი ოჯახის მეგობარიცაა და უფრო ღრმად არის ჩახედული მის პრობლემებში, თუნდაც სოციალურში, ასრულებს ფსიქოლოგის მოვალეობასაც. პაციენტის გახსნა მეორე დონეზე ვერ ხდება, ეს უნდა მოხდეს პირველ დონეზე“, - მიიჩნევს ნატო გრიგოლია.

ნატო გრიგოლია გამოყოფს რამდენიმე ფაქტორს, რომელთაც რეფორმის მიმდინარეობისას უნდა მიექსცეს ყურადღება: „გასათვალისწინებელია, რომ ნორმალური შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი მკურნალობის გადახდა, ისევე ფინანსდებიან, როგორც ხელმოკლე ოჯახები. ამ მხრივ ცვლილება აუცილებელია. ასევე, გასათვალისწინებელია მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ამჟამად, მუნიციპალიტეტებს აქვთ პროგრამები, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მქონდე პაციენტებს ეხმარებიან წელიწადში ასი ან ორასი ლარით. რეალურად, ეს ძალიან მიზერული თანხაა, რადგან ეს პაციენტს ერთი თვის მედიკამენტებისთვის სჭირდებათ. ამიტომ, ესეც გასათვალისწინებელია. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ხელფასებს, რადგან ზოგადად, ექიმების ანაზღაურება ძალიან დაბალია“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ნატო გრიგოლიამ.