„შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო“

„შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო“

აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირბულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

როგორც პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის შემდეგ  განაცხადა, მან კარასინთან საუბრისას ეს საკითხი მწვავედ დააყენა და რუსეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„შესაბამისი სიმწვავით ითქვა ის, რაც სათქმელი იყო, რაც მე ვნახე იქ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯი, რომელმაც ჩვენში ძალიან დიდი დაძაბულობა გამოიწვია, რაც არის ძალიან სახიფათო მთელი რეგიონისათვის. მე მოვუწოდე ჩემს რუს კოლეგას, რომ ეს აუცილებლად მიიღონ მხედველობაში და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რათა ეს პრობლემა მოიხსნას“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართა. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, განხორციელებული ქმედებების შედეგად კი, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.