ზაქარია ქუცნაშვილი საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივაში კაზუსის შექმნის საფრთხეს ხედავს

ზაქარია ქუცნაშვილი საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივაში კაზუსის შექმნის საფრთხეს ხედავს

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივაში, უკანონო შეჭრების შემთხვევებთან დაკავშირებით კაზუსის შექმნის საფრთხეს ხედავს.

"იდეა კარგია, მაგრამ განვიხილოთ ასეთი შემთხვევა - პრივატიზებულ ქონებაში შეიჭრნენ ადამიანები და შეიჭრნენ იმისთვის, რომ პოტენციური ინვესტორისგან თანხის გამოძალვა, ან რაღაც პრივილეგიის მიღება უნდათ, ან შევარდნენ ნებისმიერი მოქალაქის სახლში. შესაბამისად, ამაზე სასამართლო უნდა ჩატარდეს და სასამართლოში უნდა წავიდე იმისთვის, რომ ჩემს სახლში შევარდნილი ადამიანი გამოვიყვანო, თუ შემიძლია მყისიერი რეაგირება მოვახდინო: – გამოვიძახო პატრული და მისი დახმარებით უკანონო ქმედებება აღვკვეთო", - განაცხადა ქუცნაშვილმა საკითხის განხილვისას.

როგორც მის პასუხად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კიკნაველიძემ განმარტა, თუკი შემთხვევა სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობების ფარგლებს სცდება და საჯარო სამართლდაღვევაში - თვითნებურ შეჭრაში გადადის, ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, რაც პოლიციამ უნდა აღკვეთოს.

ამ გამარტებასთან დაკავშირებით ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეჭრილმა პირმა შეიძლება განაცხადოს, რომ შეიჭრა იმიტომ, რომ აქვთ მისი ვალი, სასესხო ურთიერთობებზე კი, წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება არ ვრცელდება. დეპუტატის თქმით, ასეთი შემთხვევები კანონში გათვლილი უნდა იყოს.