ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვაზე სდსს-ის ოთხი წარმომადგენელი დაკითხეს

ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვაზე სდსს-ის ოთხი წარმომადგენელი დაკითხეს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებით განხილვაზე დღის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოთხი წარმომადგენელი დაკითხეს.

პროკურატურის მოწმეებს ძირითადად შეკითხვებს უსვამდნენ იმასთან დაკავშირებით, უნდა გადაეცათ თუ არა ხარშილაძეს და ძაძამიას, როგორც ჟვანიას დაცვის წევრებს, ცენტრი 1-სთვის ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ იმ ღამეს, სანამ ყოფილი პრემიერი გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

როგორც ცნობილია, დაცვის წევრებს ცენტრი 1-სთვის პრემიერ-მინისტრის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ გადაუციათ. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, ის ღამე ზურაბ ჟვანიასთვის კონფიდენციალური იყო და ცენტრი ერთისთვის, რომ მისი დაცვის წევრებს ინფორმაცია გადაეცათ, ეს მთელს ქვეყანას ეცოდინებოდა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ რაციით რომ გადაეცათ ჟვანიას მოძრაობა საბურთალოს 53ა-ს მიმართულებით, ცნობილი გახდებოდა არა ერთი ან ორი ადამიანისთვის, არამედ ათეულობით ადამიანისთვის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დაცვის წევრებისთვის და პროკურატურის დაცვის წევრებისთვის. როცა ვამბობთ, რომ ჟვანიასთვის ის ღამე იყო კონფიდენციალური, რა თქმა უნდა, ჟვანიას ინტერესებში არ იქნებოდა ამ კონკრეტული შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია სცოდნოდა მთელ ქვეყანას", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი აცხადებს, რომ ცენტრი ერთისთვის პრემიერ-მინისტრის გადაადგილების გადაცემა კოდირებული სიტყვებით მოხდებოდა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ყველასთვის ცნობა შეუძლებელი იყო.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა დაკითხვისას დაადასტურეს, რომ კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მხრიდან მოხდა კანონის დარღვევა. კერძოდ, ცენტრი 1-ს არ შეატყობინეს პრემიერის გადაადგილების თაობაზე. რაც შეეხება დაცვის აპელირებას, რომ რაციით გადაცემის შემთხვევაში ამას მთელი საქართველო გაიგებდა, სრული აბსურდია, იმიტომ რომ პირველ რიგში რაციით ხდება კოდური სიტყვების გადაცემა, ანუ არა ამბობს კონკრეტულად "მე ვარ კობა ხარშილაძე", არამედ ამბობს კოდს, რომელიც ინდივიდუალურია და არ არის სხვა პირადი დაცვის თანამშრომლებისთვის ცნობილი. გარდა ამისა, მხოლოდ რაციის მეშვეობით არ ხდება ინფორმაციის გადაცემა, ხდება მობილური ტელეფონის, ასევე შიდა ტელეფონის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში პრემიერის გადაადგილება ცნობილი გახდებოდა მხოლოდ ცენტრი 1-სთვის და პირადი დაცვის თანამშრომლებისთვის", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, დღეს დაკითხულმა ცენტრი 1-ის ორმა თანამშრომელმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ აუცილებლად უნდა შეეტყობინებინათ მათთვის პრემიერის გადაადგილების მარშრუტი.

"დაიკითხა ასევე პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ გამორიცხულია დასაცავი ობიექტის მარტო დატოვება. დაიკითხა ასევე ოპერატიული თანამშრომელი, რომლის თქმითაც, იმ შემთხვევაში თუ პრემიერი აპირებდა გადაადგილებას, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რათა მისულიყო და იქაური სიტუაცია შეემოწმებინა, რათა ყოველგვარი საფრთხე თავიდან აეცილებინა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ 11:00 საათზე განახლდება.