არჩილ გეგეშიძემ ერიკ რუბინს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

არჩილ გეგეშიძემ ერიკ რუბინს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, ერიკ რუბინი დაკავებულ პოსტს 17 ივლისს დატოვებს. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე ისაუბრეს.

"ქართულმა მხარემ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვასთან დაკავშირებით და მოუწოდა შეერთებულ შტატებს სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრისას არჩილ გეგეშიძემ ერიკ რუბინს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.