„ნატო-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის დემონსტრირება“

„ნატო-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს წევრობის სამომავლო პერსპექტივის დემონსტრირება“

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ში თვლის, რომ თუ საუბარი არაა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის დაუყოვნებლივ წევრობაზე, აუცილებელია, პროცესმა წინ წაიწიოს.

როგორც ჯეიმს ში აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის წევრობა შორეული მომავლის საკითხია, ნატო-მ უნდა გააგრძელოს საქართველოსთან დაახლოება და წევრობის პერსპექტივის დემონსტრირება.

„ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საუბარი არ არის საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის დაუყოვნებლივ წევრობაზე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროცესმა წინ წაიწიოს და უნდა მოხერხდეს, რომ თუნდაც სამომავლო პერსპექტივები რეალური გახდეს“, - განაცხადა ჯეიმს შიმ ევროპარლამენტში.

ამასთან, როგორც თანაშემწის მოადგილემ აღნიშნა, ნატო ყველაფერს აკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ნატო-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. ვარშავის სამიტზე უმთავრესი საკითხი საქართველოს გაწევრიანება იქნება, რომელიც აქტიურად განიხილება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში“, - განაცხადა შიმ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში, 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება.