ადვოკატები და პროკურორი ირაკლი ფირცხალავას განცხადებას უარყოფენ

ადვოკატები და პროკურორი ირაკლი ფირცხალავას განცხადებას უარყოფენ

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ე.წ. რიგითი სპეცრაზმელების ადვოკატები და პროკურორი ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას განცხადებებს კატეგორიულად უარყოფენ. ბრალდებულმა ფირცხალავამ განაცხადა, რომ რიგით სპეცრაზმელებზე, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, გარკვეულ ზეწოლას აქვს ადგილი. ფირცხალავას ინფორმაციით, მან ე.წ. მატროსოვის ციხეში საკნის კარიდან დაინახა, რომ პროკურატურის წარმომადგენელი კვირა დღეს შევიდა რიგით სპეცრაზმელებთან, ორ-ორად გაიყვანა და დაწერილი ჩვენებები გადასცა, რომელიც სასამართლოში უნდა მოეყოლათ. ფირცხალავას თქმით, მოისმინა თუ როგორ მიაწოდა ადვოკატმა ბრალდებულებს ინფორმაცია, რომ პროკურორი ჯარჯი მათ დაჰპირდა, რომ ზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე ამ საქმის მიმართ ინტერესი განელებულია და რიგითების მიმართ გარკვეული შეღავათები განხორციელდება საპროცესო შეთანხმებითა და განრიდებით.

ფირცხალავას ამ განცხადების საპასუხოდ ბრალდებულების ადვოკატმა იაგო სოხაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის აბსოლუტური სისულელე და არათუ პროკურატურაში, არამედ ახლობლებშიც კი არ ჰყავს ნაცნობი ჯარჯი. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულებს ციხეში ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ადვოკატებთან.

"ფირცხალავას განცხადება წავიკითხე, ეს არის ბოდვა. იქ მხოლოდ ადვოკატები შევდივართ, სიცრუეა რაც მან თქვა. რაც შეეხება მოლაპარაკებებს საშეღავათო ღონისძიებებთან დაკავშირებით, მსგავსს ადგილი არ აქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან უდანაშაულოები და უდანაშაულოდ სხედან ციხეში, რასაც სასამართლო განხილვებზე დავამტკიცებთ", - განაცხადა ადვოკატმა და განმარტა, რომ ბრალდებულები სასამართლოს დახურულ კარს მიღმა ჩვენებებს იმ მოტივით აძლევენ, რომ მათი და მათი ოჯახების უსაფრთხოება დაცული იყოს.

საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის რიგითი სპეცრაზმელების საქმეზე არსებითი განხილვა კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღეს დარჩენილი ოთხი ბრალდებული მისცემს ჩვენებას, დანარჩენმა სამმა კი დახურულ კარს მიღმა ჩვენება წინა პროცესზე მისცა.

საქმის პროკურორის ლევან ადეიშვილის განცხადებით, ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების მიმართ ზეწოლას არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია ადგილი. პროკურორის თქმით, თუკი ზეწოლას ადგილი ექნება "ახლა არ არის 2000 წლამდე პერიოდი და ყველას შეუძლია ზეწოლის შესახებ განცხადება გააკეთოს".

"ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკებები რიგითი სპეცრაზმელების მიმართ შემამსუბუქებელ გარემოებებზე არ მიმდინარეობს. სასამართლო განხილვების ბოლოს პროკურატურა და სასამართლო გაითვალისწინებს ყველა საშეღავათო გარემოებას", - განაცხადა ლევან ადეიშვილმა.