საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ დავით დონდუასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს , ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ჟურნალისტებს დავით დონდუამ განუცხადა, სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით გაიმართა და მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. დონდუას თქმით, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს კონსტრუქციულ დიალოგს ჟენევაში, სადაც დისკუსიები ისედაც რთულად და დიდი ძალისხმევის შედეგად მიმდინარეობს.
"მე ჩემი პროტესტი გამოვთქვი. თავის მხრივ, კარასინმა აღნიშნა, რომ ეს ბანერი არ არის ახალი, ადრე იყო დადგმული და შემდეგ ვიღაცეებმა ის მოხსნეს და ახლა თავიდან დაამონტაჟესო, რაზეც ვუთხარი, რომ ჩვენი ინფორმაციით ეს ბანერი იყო გაცილებით უფრო სიღრმეში და ახალი ბანერი 300 მეტრით წინწაწეული აღმოჩნდა და ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდა მილსადენი", - განაცხადა დონდუამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დავით დონდუა და გრიგორი კარასინი არიან პარტნიორები ჟენევის დისკუსიების ფორმატში, შესაბამისად, მოხდა პირდაპირი ინფორმაციის მიწოდება და ამ სატელეფონო საუბარში საიდუმლო არაფერია.
"სატელეფონო საუბარი შედგა და ჩვენი ყველანაირი წუხილის საგანი, შეშფოთება და დარღვევის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მიეწოდა ჟენევაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის პარტნიორს რუსეთში", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.