გლდანში, მე-6 მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან ერთი ქალი, მეორე კი მამაკაცია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ორი დაღუპულის გარდა აფეთქების შედეგად დაშავდა კიდევ 4 პირი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
აფეთქება გლდანში, მე-6 მიკრორაიონში, #2 საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი სართულის კედლები დაზიანდა. ასევე მიმდებარე კორპუსებში ჩამსხვრეულია სახლის მინები.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორია შემოსაზღვრულია და შემთხვევის ადგილზე მოქალაქეებს მიახლოების საშუალება არ აქვთ.