ბიძინა ივანიშვილის მთავრობას სერიოზულ გამოწვევებზე რეაგირების უნარი არ შესწევს

ბიძინა ივანიშვილის მთავრობას სერიოზულ გამოწვევებზე რეაგირების უნარი არ შესწევს

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობას სერიოზულ გამოწვევებზე რეაგირების უნარი არ შესწევს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხდებაში ნათქვამი, საქართველოს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება რუსეთთან ურთიერთობების "დალაგება" და გაუმჯობესება იყო.

"აშკარაა, რომ მისი მმართველობის სამი წლის თავზე, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, ვითარება ამ დაპირების კონტექსტშიც არა თუ გაუმჯობესებული, არამედ მნიშვნელოვნად გაუარესებულია. რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში. ამჯერად პირდაპირი საფრთხე შეექმნა ბაქო-სუფსის ნავთობსადენს. პოტენციურად საფრთხე შეიძლება დაერმუქროს საკვანძო სატრანსპორტო მაგისტრალს. ამ ფონზე მომხდარზე მთავრობის რეაქცია განსაკუთრებით საგანგაშოა. შემაშფოთებელია მინისტრ ზაქარეიშვილის აბსურდული განცხადება, რომ რუსეთის ნაბიჯი "ოკუპაციის კანონის ფარგლებში ჯდება," თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ "ამაში განსაკუთრებული არაფერია," ვიცე-პრემიერ კალაძის მოწოდება გაუგებარი ახალი ფორმატის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით (მაშინ როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ამ მიმართულებით რაიმე დისკუსიის არსებობა). მსგავსი განცხადებების სერია დააგვირგვინა პრემიერ-მინისტრის გამაოგნებელმა მოწოდებამ რომ "რუსები ყურადღებას მიაქცევენ" და თავად აღკვეთავენ საკუთარ ქმედებებს. ამგვარი რეაქცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს არა მარტო იმას, რომ მთავრობის შიგნით არ არსებობს არც კოორდინაცია და არც მინიმალური კომპეტენცია, არამედ იმასაც რომ ივანიშვილის გუნდს საერთოდ არ შესწევს უნარი მსგავს გამოწვევებზე სერიოზულად იმუშაოს.

რუსეთის აგრესიულ ქმედებები წაახალისა საქართველოს მთავრობის მხრიდან ოკუპანტ სახელმწიფოზე ეფექტიანი საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის ფაქტიურმა მოხსნამ. ამასთან, ნეგატიური ფონი გაამძაფრა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ განლაგებული საპოლიციო დანაყოების და სპეციალური დანიშნულების რაზმების ფაქტიურმა დაშლამ, რითაც მთავრობამ მნიშვნელოვანი პრევენციული ფაქტორი მოშალა.

შექმნილ ვითარებაში, ივანიშვილის ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოცილებამდე, აუცილებელია კარდინალურად შეიცვალოს ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკა. ჩვენი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ ქვეყნისთვის სახიფათო ნებისმიერი გართულება, მაგრამ სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად აუცილებელია ადეკვატური რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება ისეთ სახიფათო ზღვარს შეიძლება მიუახლოვდეს რომ სერიოზული გამწვავების თავიდან არიდება შეუძლებელი გახდება.

კარასინი-აბაშიძის ფორმატმა, რომელიც მთავრობის მიერ საკუთარი პიარის და არარსებული პროგრესის ტირაჟირებისთვის იქნა გამოყენებული, მოადუნა საერთაშორისო ყურადღება და რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე რეაგირება შეასუსტა. აუცილებელია სრული ფოკუსირება ჟენევის ფორმატზე, რომელსაც შუამავლის სტატუსით ევროკავშირი და აშშ ესწრებიან.

ასევე აუცილებელია ამ პრობლემის აქტუალიზაცია ყველა საერთაშორისო ფორმატში და ქვეყნის შიგნით პოლიციური დანაყოფების გაძლიერება ადგილზე რათა მათ, საერთაშორისო ზეწოლასთან ერთად, შეასრულონ ამ ტიპის პროვოკაციების შემაკავებელი როლი", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.