ხვალ სვეტიცხოვლობაა

ხვალ სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია. ამდენად, ხვალ ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.