ვაკის პარკში გულშემატკივართა ნაწილი პოლიციის მიერ მოწყობილი ჯებირის გარღვევას შეეცადა

ვაკის პარკში გულშემატკივართა ნაწილი პოლიციის მიერ მოწყობილი ჯებირის გარღვევას შეეცადა

ვაკის პარკში, სუპერთასის ბილეთების ყიდვის მსურველთა რიგის დასარეგულირებლად, პოლიციას დამატებითი ზომების გამოყენება დასჭირდა. რიგში მდგომ პირთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო , რომ ბილეთების გაყიდვა ნელი ტემპით მიმდინარეობს. 

ბილეთების შეძენის მსურველთა ნაწილი მოითხოვს, გაუქმდეს ის 50 კაციანი ე.წ. სიები, რომლის მიხედვითაც ბილეთების მყიდველთა რიგი რეგულირდება. 

გულშემატკივართა ნაწილი შეეცადა პოლიციის მიერ მოწყობილი სპეციალური უსაფრთხოების ჯებირის გადალახვას, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. რიგის დარღვევის მცდელობას უკმაყოფილება მოყვა რიგში მდგომი სხვა პირების მხრიდან. პოლიციამ დამატებითი უსაფრთხოების ჯებირი გაამაგრა, რის შემდეგაც ბილეთების შეძენის მსურველთა რიგის კონტროლი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა. 

ამ დროის მონაცემებით, გასაყიდი დარჩა პირველი კატეგორიის – 75 ლარიანი ბილეთებიდან 47 ცალი, 35 ლარიანი ბილეთიდან 9 875, ხოლო 18 ლარიანი ბილეთიდან – 10 391 ცალი. 
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.