სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები მეტ ორგანიზებას ითხოვენ

სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები მეტ ორგანიზებას ითხოვენ

ვაკის პარკში ბილეთების შეძენის მსურველები "ცოცხალ რიგს" წინასწარ შედგენილი სიების გარეშე მოითხოვენ. მათი თქმით, სიები, რომლითაც რიგში მდგომი პირების თავდაპირველად 50 კაციან ჯგუფებად, ხოლო შემდეგ ბილეთების საყიდლად ორგანიზება ხდება, უსამართლოდ არის შედგენილი. 

რიგში მდგომ პირთა ნაწილი კი აცხადებს, რომ სპეციალური სიები, რომლის მიხედვითაც 50 კაციანი ჯგუფები შედგება, რამდენიმედღიანი რიგში დგომის შემდეგ შედგა და შესაბამისად, ყველაფერი სამართლიანია. ამ ორ ჯგუფს შორის ხშირია შელაპარაკება. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვაკის პარკიდან იტყობინება, ბილეთების შეძენის მსურველთა შორის არიან ასაკოვანი ადამიანები. რიგში მდგომმა პირებმა ურიგოდ გაატარეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელიც ეტლში იჯდა. ის პოლიციელებმა თავად აიყვანეს კიბეებზე და მას ბილეთის ყიდვის საშუალება მიეცა. 

ვაკის პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია სპეციალური ეკრანი, სადაც სამივე კატეგორიის ბილეთების ფასები და გასაყიდი ბილეთების რაოდენობა არის დაფიქსირებული. 
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, სულ გასაყიდია 22 089 ბილეთი. სიჭინავას ვარაუდით, ყველა მათგანის დღეს გაყიდვა შესაძლებელია, თუკი გულშემატკივრები ბილეთებს სწრაფად შეიძენენ.

უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.