ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკში შედგენილი ე.წ. რიგის რვეულის მიხედვით დაიწყება

ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკში შედგენილი ე.წ. რიგის რვეულის მიხედვით დაიწყება

სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ვაკის პარკში შედგენილი ე.წ. რიგის რვეულის მიხედვით დაიწყება. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა, სალაროსთან პირველები, ე.წ. "ცოცხალ რიგში" მდგომი პირველი ჯგუფის პირველი 50 კაცი მივა და ასე გაგრძელდება.

მისივე განმარტებით, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 07:00 საათიდან ბიოტუალეტები და ცივი წყლით უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური მაცივრები დამონტაჟდება.

"ბილეთები ხვალ, 09:00 საათიდან გაიყიდება. შევადგინეთ კომისია, რომელიც 08:00 საათზე ჩაიბარებს ბილეთებს, მიაწვდის სალაროებს და მოხდება მისი ნორმალურად გაყიდვა. ამის გარანტიას ჩვენ გაძლევთ. მინდა მივმართო გულშემატკივრებს, არ აყვნენ პროვოკაციებს. დაიცვან "ცოცხალი რიგი". როგორც იცით, ვაკის პარკში ჯებირებია დამონტაჟებული და "ცოცხალი რიგი" დაიწყება სწორედ იქიდან, ანუ პირველი 50 კაცი 09:00 საათზე წამოვა სალაროსთან. ასევე, 07:00 საათიდან დამონტაჟდება ბიოტუალეტები და იქიდან გამომდინარე, რომ მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დაიდგმება სასმელი წყლისთვის მაცივრები. ერთი სიტყვით, ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ გულშემატკივარმა კომფორტულად იგრძნოს თავი", - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, გასაყიდია სულ 22 089 ბილეთი. სიჭინავას ვარაუდით, ყველა მათგანის ხვალ გაყიდვა შესაძლებელია, თუკი გულშემატკივრები ბილეთებს სწრაფად შეიძენენ.

"ერთი თხოვნა მაქვს გულშემატკივრებთან - აქტიურად იყიდონ ბილეთები. არ შექმნან საცობები. მოლარე 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ გადავამეტოთ რამდენიმე საათი", - აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ზვიად სიჭინავა დარწმუნებლია, რომ სუპერთასი საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდება. "მეტიც, ამის მერე საქართველომ უნდა დაიწყოს მზადება უფრო დიდი "ივენთისთვის", ვიდრე სუპერთასია", - აღნიშნა სიჭინავამ.