9 წელი, გასამართლებული 320 000 ადამიანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის მილიარდობით მიყენებული ზარალი არის რეალობა და ამას მოთმინება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "20/30"-ში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი გამოწვევა, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, უმუშევრობასა და სიღარიბესთან ერთად იყო მართლმსაჯულების განმტკიცება.
"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა სამართლიანად იყო შეწუხებული, იყო ის უსამართლობა, რომელიც წინა მთავრობამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამკვიდრა. ეს იყო რეპრესიული მანქანა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იმართებოდა. არაერთი ფაქტი იქნა გამოძიებული და მთელმა მსოფლიომ ნახა, რა ვითარებაში ამყოფებდნენ ჩვენს მოქალაქეებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება იყო ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა. რასაც არ და ვერ აიტანს ჩვენი მოსახლეობა, ეს არის უსამართლობა. როცა მმართველი უსამართლოა, მისი საქმე დამთავრებულია. ასე რომ, ჩვენი მთავარი პრინციპი, რაც პოლიტიკაში შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენი კოალიციის დამფუძნებელმა, ბატონმა ივანიშვილმა, არის სამართლიანობა, კანონისადმი პატივისცემა და ადამიანურობა. ეს პრინციპები ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში და შემდეგაც ჩვენთვის სამაგალითო და სახელმძღვანელო იქნება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპონენტებისთვის ადვილია საუბარი იმაზე, რატომ არ აღდგა სამართლიანობა, თუმცა პროკურატურაში შესულია მოქალაქეების ათასობით საჩივარი, რომელსაც დახარისხება და შესწავლა სჭირდებოდა.
"ჩვენ, ხელისუფლებაში უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაექებს, რადგან ჩვენ მათ ბედზე ვზრუნავთ. ჩვენ არ გვქონდა უფლება, უპასუხისმგებლოდ და პოპულისტურად მოვქცეულიყავით. ამიტომ საჭირო იყო ამ პროცესის თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მართვა. პროკურატურაში შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი, ვიცი, რომ პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას. ზარალი არის რამდენიმე მილიარდი დოლარის. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, ერთი ხელის მოსმით, გაუაზრებლად აიღოს ამ თანხაზე ვალდებულება", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამას მოთმინება სჭირდება.