მე და კახას გვაქვს გამორჩეული ადამიანური, მეგობრული ურთიერთობა, - ამის შესახებ გადაცემა "20/30"-ში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და მმართველ გუნდში, მისი და ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
"ის, რომ რამდენიმე განაწყენებული, შურიანი თუ გაბოროტებული ადამიანი ცდილობდა ჩვენს შორის რაღაც გაუგებრობის შექმნას, მათი ეს მცდელობა წარუმატებული დარჩა, იმიტომ, რომ მეც და კახიც ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების წინაშე გვაკისრია. ჩვენს შორის გამორიცხულია, რაიმე სახის დაპირისპირება არსებობდეს, ეს არის აბსურდი, თუმცა ეს არის მიზანმიმართულად დამკვიდრებული აზრი, "ნაციონალური მოძრაობის" და ვიღაც მტრების, მათ შორის შესაძლოა შიდა გუნდიდანაც იყვნენ ვიღაცები, რომლებსაც არ სურთ ჯანსაღი ურთიერთობები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კალაძესთან დაპირისპირება არ აქვს და ვერც ვერავინ ჩადგება მათ შორის. "ჩვენ ოჯახებით ვართ ახლოს, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა. მინდა, რომ ამ საკითხს დღეს წერტილი დავუსვათ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.