საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საბერძნეთის ხელისუფლების მიერ კრედიტორებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებებს დადებითად აფასებს.
ოლანდმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასა და კრედიტორებს შორის უნდა განახლდეს, რათა შეთანხმებას მიაღწიონ.
„ბერძნებმა უკვე აჩვენეს თავისი გადაწყვეტილება, რომ ისინი ევროზონაში დარჩენას ემხრობიან, რადგან პროგრამა, რომელიც მათ საერთაშორისო კრედიტორებს წარუდგინეს, საკმაოდ სერიოზულია და ის ნდობას იმსახურებს. ბერძნები უნდა მიხვდნენ, რომ რეფორმები გარდაუვალია“, - აღნიშნა ოლანდმა.
ევროჯგუფის განცხადებით, რეფორმების ახალი პაკეტი, რომელიც საბერძნეთის ხელისუფლებამ კრედიტორებს წარუდგინა, კრედიტორების მოთხოვნების უმეტესობას აკმაყოფილებს.
„მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის წინადადება არის კარგი, ჩვენ მაინც ვალდებულნი ვართ სიფრთხილით შევისწავლოთ იგი და დავადგინოთ, სწორია თუ არა ციფრები. ჩვენ უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - აცხადებს ევროჯგუფის პრეზიდენტი იერონ დისელბლუმი.