პროკურორი:   ხარშილაძე და ძაძამია დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ

პროკურორი: ხარშილაძე და ძაძამია დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ

იმ კაცის სიტყვას, რომელმაც ხუთჯერ შეცვალა ჩვენება, რა ფასი აქვს, - ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის პროკურორმა რეზო ნადოიმ საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში შესავალი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ ხარშილაძე და ძაძამია არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა ვერ აღდგება. პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ ნაფიცები ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ორი დღეა ისმის, რომ დუმილის დარღვევას აპირებენ ბრალდებულები და სიმართლე უნდა თქვან სასამართლოში. მათ ხუთჯერ შეცვალეს ჩვენება. ერთხელ რომ კაცი მოიტყუება იმ კაცის სიტყვას ფასი აქვს? ეს პირები არიან დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ", - განაცხადა რეზო ნადოიმ.

პროკურორის თქმით, 2005 წლის 2 თებერვალს 12-ის ნახევარზე ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია სახლიდან გაიყვანეს და მიიყვანეს საეჭვო ბინაში, რაშიც მონაწილეობდნენ ხარშილაძე და ძაძამია, რომლებმაც დაცვის გარეშე დატოვეს დასაცავი ობიექტი.

"ეს დასრულდა მძიმე შედეგით. საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ხარშილაძემ და ძაძამიამ ჯეროვნად არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება და დადგა ეს შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი შედეგი არ დადგებოდა. მათ დაარღვიეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც ავალდებულებდათ მაღალი თანამდებობის პირის დაცვას, ასევე დაცვითი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაცვის წევრს ეკრძალება დასაცავი ობიექტის დაცვის გარეშე მიტოვება", - განაცხადა პროკურორმა რეზო ნადოიმ.

მისი თქმით, არსებითი განხილვის პირობებში კითხვები იქნება დასმული ბრალდებულ ხარშილაძის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რაზეც დაცვის მხარე აპელირებს, რომ ზურაბ ჟვანიას რთული ხასიათი ჰქონდა. რეალურად კი, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ხარშილაძისა და ძაძამიას დაცვის ობიექტი ზურაბ ჟვანია ყველაზე უპრობლემო ადამიანი იყო. პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე გრძელდება.