ე. წ. კაბელების საქმის განხილვა 3 სექტემბერს გაგრძელდება

ე. წ. კაბელების საქმის განხილვა 3 სექტემბერს გაგრძელდება

ე. წ. კაბელების საქმეზე არსებითი განხილვა 3 სექტემბერს გაგრძელდება. დღეს საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ფარგლებში კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა და 3 სექტემბრისთვის გადაიდო.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. ასევე მოითხოვა მტკიცებულებების დართვა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, ირკვევა, რომ აქამდე ბრალდების ხელთ არსებული მასალები ახალი ექსპერტიზის ჩასატარებლად საკმარისი არ არის და პროკურატურამ ახალი მასალების დართვა მოითხოვა, რათა ექსპერტიზა სრულყოფილად ჩატარდეს.

"ისმის კითხვა ეს ადამიანები რისთვის იყვნენ დაკავებულები. ბრალდების მხარე აღიარებს, რომ ის ექსპერტიზა, რის საფუძველზეც 5 პირი დააკავეს, არ არის სრულყოფილი. ჩვენ დამატებითი ექსპერტიზა მოვითხოვეთ, რაც საქმეს დაერთო", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მისივე თქმით, პროკურატურამ შესავალი სიტყვისას არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა. "მეგონა სხვა პროცესზე ვიყავი", - აღნიშნა სამუშიამ.

პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც. როგორც ნინო აღლემაშვილმა აღნიშნა, პროკურატურის ყველა სიტყვა, რომელიც შესავალ სიტყვაში იყო წარმოდგენილი, გაჯერებულია მტკიცებულებებით.

"ამაში დარწმუნდებით ყველა, როცა დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. არ მაინტერესებს, რა შთაბეჭდილება ჰქონდა ამას ადვოკატისთვის. ჩვენთვის საინტერესოა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, რომ სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ ექსპერტიზის კვლევის ფარგლებში დამატებითი ინფორმაციის დასაშვებად ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.