პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე არასამთავრობო ორგანიზაციების, საექსპერტო წრეებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა, დღეს შეხვედრაზე იმსჯელებენ პროკურატურისა და შს სამინისტროს საკმაოდ მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვხდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, საექსპერტო წრეებისა და აკადემიის სფეროს წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ჩართული პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმის პროცესში. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კონსულტაციები, შეხვედრები სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. დღევანდელი შეხვედრაც მიზნად ისახავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბებული ამ მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ღირსეული და ფასეულია, სწორედ არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების ნაწილის აზრი", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტები პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გადაცემული არ არის.