როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს

როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები, ისე ჰყავთ ყველა ქვეყანაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს დროშის დაწვას გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "გაბალა"-"დინამოს" თამაშზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნული პროვოკაციული ქმედება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

"პანიკის გარეშე. ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ – ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, უნდა ვიფიქროთ მხოლოდ პროგრესსა და განვითარებაზე", - განაცხად ირაკლი ღარიბაშვილმა.

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისული აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: Burchali is ancient Azerbaijan land ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.

ასევე აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც.

აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".