საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიღმის ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის - "ახალი თბილისის" გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეების სიტყვით მიმართა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხანში საქართველო უმასპინძლებს ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.
"თბილისი უმასპინძლებს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა და ჩვენ მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენები გვყავს, ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. წელს თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000 სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად. ჩვენკენ იქნება მოპყრობილი მთელი ყურადღება მთელი სპორტული სამყაროსი", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთელი ქალაქის მასშტაბით მთავრდება მზადება ოლიმპიური ფესტივალისთვის. "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე სპეციალურად "თბილისი 2015"-სთვის აშენდა ოთხი სპორტული ობიექტი - ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი.
პრემიერ- მინისტრის განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე არენას.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, განთავსდნენ, ივარჯიშონ, მოემზადონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. "ახალი თბილისის" სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც "თბილისი 2015"-ის მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს", _ დასძინა პრემიერ- მინისტრმა.
მისივე თქმით, თავისი არქიტექტურითა და შინაარსით ეს კომპლექსი მნიშვნელოვანი განაცხადია ქართული სპორტისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკური პოტენციალი არის საოცრად მზარდი - ახალი ტერიტორიის განაშენიანება იძლევა ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გააუმჯობესების პერპექტივას, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რაც კიდევ ერთ დამატებით მოტივაციას უქმნის კერძო ინვესტორებს.
"ოლიმპიადისთვის აშენებული სპორტული კომპლექსები და ინფრასტრუქურა საშულებას გვაძლევს არა მარტო ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს სტუმრებს, არამედ მომავალში უზრუნველვყოთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამართვა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი კომპლექსი ჩვენს ქვეყანაში არ არის, ეს კომპლექსი გახდება ბაზა ჩვენი სპორტსმენებისთვის, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სპორტული დარბაზები საშუალებას მისცემს მათ სრულფასოვნად მოემზადონ შეჯიბრებებისთვის. ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის, რომლებიც მუდამ სიამაყით ავსებენ ჩვენს გულებს. და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო ყველას - ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული ნდობისათვის, ყველას ვინც წვლილი შეიტანა იმაში, რომ ღირსეულად დავხვდეთ 4000 სპორტსმენს", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა.