საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აზერბაიჯანში "გაბალა"- "დინამოს" მატჩზე ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად საქართველოდან იწყება ხოლმე.
"რა თქმა უნდა, სამწუხარო ინციდენტია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პროვოცირება ხშირად აქედან იწყება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ამ ინციდენტს, რამდენადაც მე ვიცი, წინ უძღვოდა ინციდენტი, რომელიც საქართველოში მოხდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა სამსახურმა, ვისაც ეს ხელეწიფება და ევალება, უმკაცრესი ზომები უნდა გაატაროს, ვინაიდან ამ ყველაფერს აშკარად პროვოკაციის სუნი უდის", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა და დასძინა, რომ ამ ტიპის მაპროვოცირებელი მოქმედებები ხშირად შორს მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად, რაც აგულაშვილის თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა არ უნდა დაუშვან და უმკაცრესი ზომები გაატარონ.
გარემოს დაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ანალოგიური და ადეკვატური იქნება აზერბაიჯანის ხელისუფლების მოქმედებებიც.
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისული აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: Burchali is ancient Azerbaijan land ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
ასევე აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ. გავრცელდა შესაბამისი ფოტოებიც.
აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921"