საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე აზერბაიჯანულ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე გუშინ მომხდარ ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს და აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს.
"ეს იყო პროვოკაცია, რომელიც იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში განხეთქილების შეტანაში და იმ ურთიერთობების დარღვევაში, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს. ეს იყო ფაქტიურად საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მივმართავ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი", _ განაცხადა ელჩმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: Burchali is ancient Azerbaijan land ("ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა"); ‚Sarvan no Marneuli‘, ‚Bostandere No Rustavi‘ და ‚Choruk Gemerli! No Bolnisi!‘. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
ასევე აზერბაჯანული მედია წერს, რომ მატჩის დროს აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს, თუმცა შესაბამის ვიდეო ან ფოტო მასალა ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, გავრცელდა ფოტოები, სადაც საქართველოს დროშაზე ფეხით დგანან.
აღნიშნულ ფაქტს გულშემატკივრები უკავშირებენ 2 ივლისს, საქართველოში, "დინამო თბილისი"-"გაბალას" თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით - "ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921".
ამასთან, 2 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არავის მისცემს პროვოკაციული ქმედებების უფლებას, რომლებიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული.
"ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.