ჟვანიას საქმეზე ბრალდებული დაცვის ყოფილი წევრების წინააღმდეგ საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები ხვალ დაიწყებენ

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული დაცვის ყოფილი წევრების წინააღმდეგ საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები ხვალ დაიწყებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, მისი დაცვის ყოფილი წევრების წინააღმდეგ, ნაფიცი მსაჯულების პირობებში, საქმის არსებით განხილვას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქმის პროკურორმა რეზო ნადოიმ განუცხადა, ხვალინდელ პროცესზე მოხდება უფროსი მსაჯულის შერჩევა, რის შემდეგაც მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოსთქვამენ.

პროკურორმა იმ მტკიცებულებებზეც ისაუბრა, რომლითაც წარდგენილი ბრალდების დადასტურებას აპირებს. ნადოის განცხადებით, ბრალდების მხარეს ძირითადად წერილობითი მტკიცებულებები გააჩნია, რითიც გამოიკვეთა, რომ კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ სამსახურებრივი უფლებამოსილება არაჯეროვნად შეასრულეს.

პროკურორის თქმით, კანონი, დებულება, შინაგანაწესი და დაცვითი გეგმა ხარშილაძეს და ძაძამიას ავალდებულებდათ, რომ დაცვის ობიექტი დაცვის გარეშე არ დაეტოვებინათ.

ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მისი დაცვისა და დაცვის ცვლის ყოფილი უფროსების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვა ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება. ბრალდებული ძაძამია გირაოთია გათავისუფლებული, ხოლო ხარშილაძე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება.