იური ვაზაგაშვილი მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი განზრახ მოკლეს და ეს ასეა, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" იური ვაზაგაშვილის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა განუცხადა.
როგორც მანანა ვაზაგაშვილი აცხადებს, მას ღრმად სწამს ყველა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების შესავალ სიტყვაში მათ მიერ ბრალის უარყოფა.
"ისინი ამბობენ, რომ მათ არ უსვრიათ. მაშინ ვინ ესროლა? ფირცხალავა ჩვენებაში ყოველთვის ამბობს, რომ საყაჩაღოდ მიდიოდა ზურა ვაზაგაშვილი. ირაკლი ფირცხალავამ თავის ცოდვებს მიხედოს, ილაპარაკოს თავის დანაშაულებზე, თვითონ ყაჩაღიც იყო, ქონებასაც ართმევდა, ხალხსაც ხოცავდა და ბიზნესსაც ართმევდა. 9 წლის განმავლობაში იური ვაზაგაშვილი სულ ამბობდა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და გამოდის, რომ ეს ასეა, - განაცხადა მანანა ვაზაგაშვილმა.
იგი გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ცააძის განცხადებასაც, რომ მას "ჩეზეს" ტიპის იარაღი ჰქონდა სპეცოპერაციის ადგილზე, რომლის მასრებიც საქმის მასალებში არ დევს. მანანა ვაზაგაშვილის განცხადებით, სასამართლო დაადგენს, გაისროლა თუ არა ცააძემ სპეცოპერაციის ადგილზე.