„სამინისტროს მხრიდან, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირება ხდება“

„სამინისტროს მხრიდან, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირება ხდება“

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საია-ს იმ მასალას გამოეხმაურა, სადაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი.

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა აღნიშნა, სისტემაში საკმაოდ მკაცრად რეაგირებენ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, თუკი მსგავსი რამ დაფიქსირდება.

„მე საია-ს მასალას არ გავცნობივარ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი დაწესებულების ერთ-ერთი დირექტორი პასუხისგებაში მივეცით იმისთვის, რომ პატიმარმა სხვა პატიმარზე იძალადა და თანამშრომელს ეს შემთხვევა გამოეპარა. ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება ხდება მსგავს გამოვლინებაზე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა დაწესებულებებში სიუციდის ფაქტთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. გიორგი მღებრიშვილის თქმით, 2014 წელს სიუციდის 7 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ერთით მეტია წინა წელთან შედარებით.

„ჩვენთან სუიციდის პრევენციის პროგრამაში ფსიქოლოგები არიან ჩართულები. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სუიციდის ნიშნული დაბალ მაჩვენებლამდე დავწიოთ, მაგრამ ის, რომ ამის აღმოფხვრა შევძლოთ, ფაქტობრივად შეუძებელია. ეს არის დღევანდელი მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა. გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენმა თანამშრომელმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, მას არაფერი არ აკლდა, სამსახურიც ჰქონდა, ოჯახიც ჰყავდა, თუმცა ამას ვერავინ გათვლის“, - აღნიშნა მინისტრმა.