რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივნის, დებორა ლი ჯეიმსის განცხადებას გამოეხმაურა.
ლავროვის თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს რუსეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, "მტრობის ხელოვნურ ატმოსფეროს" ქმნის. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
"ვაშინგტონიდან მსგავს განცხადებებს ჩვენ უკვე შევეგუეთ. შევეგუეთ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და გაერთიანებული შტაბი, ასევე სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანი რეგულარულად აკეთებს მსგავს განცხადებებს", - აღნიშნა ლავროვმა.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ლი ჯეიმსმა "როიტერთან" ინტერვიუში რუსეთს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკული ავიაგამანადგურებლები რუსეთის მეზობელ და ნატო-ს წევრ ქვეყნებში პატრულირებას გააგრძელებენ.