სპეციალისტები წყნეთი-ახალდაბის გზის ალტერნატიული ვარიანტის აუცილებლობაზე მიუთითებენ

სპეციალისტები წყნეთი-ახალდაბის გზის ალტერნატიული ვარიანტის აუცილებლობაზე მიუთითებენ

მეწყერსაშიში მდგომარეობის გამო, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე საავტომობილო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა. გაფრინდაშვილის თქმით, მისი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდოს. გაფრინდაშვილის განმარტებით, 13-14 ივნისს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ, განმეორებითი მეწყერების საფრთხე არსებობს. 

"ნახევარი მილიონი კუბომეტრი მასალაა ჩარჩენილი 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრის ადგილზე. ის მოძრაობაში დღეს ან ხვალ აუცილებლად მოვა და მეწყერის განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. იმ მასშტაბებს, რაც იყო, გამოვრიცხავ, თუმცა შედარებით დაბალი მასშტაბების მეწყერები იქნება. მოსახლეობას ეს საფრთხეს არ შეუქმნის, არც მდინარე ვერეს დააწვება, თუმცა საფრთხე არის საავტომობილო გზაზე. ამიტომ, შესაბამის უწყებებს მიღებული აქვთ ზომები. ამ გზაზე დაწესდება მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი. ჩემი წინადადებაა, ღამის საათებში და წვიმიან პერიოდში მოძრაობა შევზღუდოთ", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა. 

მისივე თქმით, სამომავლოდ უმჯობესი იქნება, თუ წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის ალტერნატიული ვარიანტი შემუშავდება. 

"აქ შესაძლებლად მიმაჩნია ამ გზის პერიოდულად გაწმენდა, თუმცა სამომავლოდ ექსპლუატაცია მუდმივად გართულებული იქნება. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ გზის ალტერნატიული ვარიანტის განხილვას და მოძიებას. ეს შეიძლება იყოს იგივე ნაფეტვრების მიმართულებიდან გზის ახალდაბაში გაყვანა, თუმცა ეს საატომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა და თავად გადაწყვეტენ. მე, როგორც გეოლოგი ვთვლი, რომ მომავალში, გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ალტერნატიული ვარიანტის მოძიება", - აღნიშნა გაფრინდაშვილმა. 

რაც შეეხება დღევანდელ მეწყერს, მისი თქმით, ამ წუთისთვის, ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დროებით მიმოსვლა შეზღუდულია.

"დღეს, გამთენიისას, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კერძოდ ე.წ. ახალდაბის დიდი მეწყრიდან აღმოსავლეთით 150-200 მეტრის მანძილზე, ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 13-14 ივნისს წარმოშობილი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. ამის შედეგად მყარი მასები გადმოვიდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და დროებით შეზღუდა საავტომობილო მოძრაობა. ამასთანავე, მწყობრიდან გამოვიდა ახლად აღდგენილი გაზსადენის მილი და ამ წუთისთვის სოფელ ახალდაბას გაზი არ მიეწოდება. გზის სავალი ნაწილი სანახევროდ გაწმენდილია. საპატრულო პოლიცია დილის საათებში პერიოდულად ატარებდა ავტომობილებს. ამ წუთისთვის ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დროებით მიმოსვლა შეზღუდულია. მოხდება კიდევ ერთხელ სიტუაციის გადაფასება და მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება. ფერდობები იმყოფება დაძაბულ მდგომარეობაში, დეფორმირებულია და უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში მოხდება ცალკეული გააქტიურებები" , - აღნიშნა გაფრინდაშვილმა.