სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს მეწყერი ჩამოწვა

სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს მეწყერი ჩამოწვა

თბილისში, სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს, 07:00 საათზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მეწყერი მცირე მასშტაბის იყო. 

უწყების ინფორმაციით, მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლებიც. 

მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, სოფელ ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. 

"გაზსადენი პირველად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან და მისი რეაბილიტაცია შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინტენსიური მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში მოხერხდა. კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.