თავდაცვის მინისტრი სერგო თეთრაძის მეუღლეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი სერგო თეთრაძის მეუღლეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სერგო თეთრაძის მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი თავდაცვის უწყებაში მიიღო.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლემ ნანა თეთრაძემ და ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მინისტრს სერგო თეთრაძის საქმით დაინტერესების გამო მადლობა გადაუხადეს და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. შეხვედრაზე გარდაცვლილი ოფიცრის ადვოკატმა თავდაცვის მინისტრს სერგო თეთრაძის წამებასთან დაკავშირებული პირების სია გადასცა.

პოლკოვნიკ თეთრაძის მეუღლემ თინათინ ხიდაშელს კი თავდაცვის უწყების იმ თანამშრომლების კადრების განკარგულებაში გადაყვანა სთხოვა, რომლებიც რაიმე სახით სერგო თეთრაძის წამებასთან არიან დაკავშირებული.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით მას გასულ კვირასაც ჰქონდა შეხვედრები. თინათინ ხიდაშელი გარდაცვლილი პოლკოვნიკის მეუღლესა და ადვოკატს დაჰპირდა, რომ საქართველოს თავდაცვის უწყებაში არც ერთი ადამიანი არ დარჩება, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ან პირადად ჰქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში სერგო თეთრაძის წამების შესახებ.

"ამ სამინისტროში არც ერთი ადამიანი არ დარჩება, ვისი აქ მუშაობაც შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს პრესტიჟს, ღირსებას ზიანს აყენებდეს. ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ან პირადად წამებაში ან ჰქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში წამების შესახებ და ამ ინფორმაციას საკუთარი კეთილდღეობის გამო მალავდნენ, ასეთი ადამიანების ადგილი აქ არ არის, იმიტომ რომ ისინი უწყებისთვის ხვალ და ზეგაც საფრთხის მატარებელი იქნებიან. თავდაცვის სამინისტროში, ჯარში არ შეიძლება იყოს ხალხი, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათ წინ ადამიანს აწამებენ და ამაზე არ იმოქმედებენ. ასეთი ადამიანები მტერთან ბრძოლაში არ გამოგვადგება", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.