სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის კრეფა აქტიურ ფაზაში შედის. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წელს საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ატმის შედარებით მცირე მოსავალია.
წინასწარი მონაცემებით, მოსავლის საერთო რაოდენობა 23 ათასი ტონამდე იქნება. კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის.
"მნიშვნელოვანია, რომ ქართული ხილისთვის რუსული ბაზარი გახსნილია. გარდა ამისა, ქართული ხილი და მათ შორის, ატამი ექსპორტზე გადის აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში. წელს, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტზე 10 000-მდე ტონა ატამი გავა. ექსპორტის მაჩვენებელი შარშან 4 000 ტონა იყო. ექსპორტიორებისთვის ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება ყველა ის პროცედურა, რაც ხილის ექსპორტს უკავშირდება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყსა და სოფელ ახაშენში ხილის გადამამუშავებელი საწარმოები სრული დატვირთვით იწყებს მუშაობს.
"სოფელ ჩუმლაყის ხილის გადამამუშავებელ/სამაცივრე საწარმოს შეძენილი აქვს ხილის დამახარისხებელი იტალიური დანადგარები. საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა. ანალოგიურ მომსახურებას გაუწევს ფერმერებსა და გლეხებს სოფელ ახაშენის გადამამუშავებელი/სამაცივრე საწარმო", - ნათქვამია განცხადებაში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციას ანალიზის საფუძველზე, წელს ფერმერებსა და გლეხებს ატმის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ.