თემურ ნერგაძე:  სახელმწიფოს მოვალეობაა, მისმა თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო ენა იცოდეს

თემურ ნერგაძე: სახელმწიფოს მოვალეობაა, მისმა თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო ენა იცოდეს

სახელმწიფოს მოვალეობაა, მისმა თითოეულმა მოქალაქემ სახელმწიფო ენა იცოდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა თემურ ნერგაძემ გააკეთა, რომელმაც ამ მხრივ "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.

"კანონპროექტს აქვს ორი მხარე: – ერთი მხარეა კანონი სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ, რაც ვფიქრობ, რომ სუსტი მხარეა. კიდევ გასაკეთებელია, თუ რა მექანიზმებით შეიძლება დავიცვათ სახელმწიფო ენა. მეორე, რომელიც ძალიან კარგი მხარეა, ეს არის – სხვა ენების შესახებ, რომელიც მშვენივრად არის აღწერილი, როგორ უნდა დავიცვათ და როგორ განვავითაროთ", – განაცხადა ნერგაძემ.

მისივე თქმით, "საქართველოს საუნჯეა მეგრული და სვანური ენები, რომელთა განვითარებისთვის უამრავი რამის გაკეთებაა საჭირო". ამ კონტექსტში ნერგაძემ სხვა დიალექტების დაცვაზეც გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა, დეპუტატმა სესიაზე ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გაძლიერების საჭიროების საკითხიც დასვა.

"სახელმწიფო ენის შესახებ" პროექტი პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.