ზაქარია ქუცნაშვილი მუნიციპალიტეტებში პროექტების განხორციელების გაჭიანურების საფრთხეს ხედავს

ზაქარია ქუცნაშვილი მუნიციპალიტეტებში პროექტების განხორციელების გაჭიანურების საფრთხეს ხედავს

დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით მუნიციპალიტეტებში პროექტების განხორციელების გაჭიანურების საფრთხეს ხედავს.

მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში წარდგენილი პროექტის ერთ-ერთი სიახლე მუნიციპალიტეტებში დასახლების საერთო კრებების შექმნაა. ინიცირებული პროექტით, დასახლების საერთო კრება თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმაა, რომლის ერთ-ერთ ფუნქციად მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტების განხილვა და მასთან დაკავშირებით შენიშვნების და წინადადებების წარდგენა წარმოადგენს.

ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, პროექტების განხორციელების პროცესში დამატებითი მექანიზმის შემოტანამ შესაძლოა პროცესის გაჭიანურებას შეუწყოს ხელი.

"დასახლების საერთო კრების იდეას მხარს ვუჭერ. გვინდა, რომ დასახლების საერთო კრებამ წინმსწრებით მიიღოს გადაწყვეტილება პროექტების განხილვის თაობაზე. არის სამი ტიპის პროექტი – სოფლის პროექტები, მუნიციპალური და რეგიონალური პროექტები. მუნიციპალიტეტების მიერ გასავლელი ეტაპები კი ასეთია: ჯერ მთავრობიდან უნდა მოვიდეს განკარგულება, რომ გამოიყო თანხა რეგიონული განვითარების ან სოფლის მხარდაჭერის ფონდიდან. საკრებულომ სხდომა უნდა მოიწვიოს და ასახოს თავის ბიუჯეტში. ამის შემდეგ გამგეობამ საპროექტო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადოს. საპროექტო შესყიდვის ტენდერის დასრულების შემდეგ, უნდა მოხდეს წარმოდგენილი პროექტის ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წარმოდგენილი პროექტების ავკარგიანობის თაობაზე. ამის შემდეგ უნდა გამოცხადდეს სამშენებლო ტენდერი. სამშენებლო ტენდერის დასრულების შემდეგ, უნდა გაიაროს 30-დღიანი სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზა, რომელიც სისხლს უშრობს მშენებლებს და მუნიციპალიტეტებს. ამის შემდეგ ისევ კომისიაზე უნდა გავიდეს. კომისიამ 5-დან 10-დღის ვადაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და შემდეგ 10-დან 20-დღემდე ვადა ეძლევა კომპანიას. აქედან გამომდინარე, უნდა შემოვიღოთ მექანიზმი, რომელიც ჩართულობას გაზრდის, მაგრამ ახალი რგოლების დამატების შედეგად პროცესს არ გააჭიანურებს. ხომ ხედავთ, ჩვენი მოწინააღმდეგეები გაჭიანურებული პროექტების თემას როგორ ეფექტურად იყენებენ. კიდევ დამატებითი მექანიზმების ჩადებამ უნებლიედ შეიძლება პროექტების გაჭიანურებას შეუწყოს ხელი", - განაცხადა ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.