საბავშვო ბაგა ბაღებში ადგილების უკმარისობა იქიდან გამომდინარეა, რომ წლების წინ 50-ზე მეტი საბავშვო ბაგა-ბაღია დახურული , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღები დახურულია იმ რაიონებში, სადაც ყველაზე მწვავედ დგას ადგილების უკმარისობის პრობლემა. თორდინავა ამბობს, რომ 2014 წლის სექტემბრიდან ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე მუშაობა და ახალი ჯგუფების გახსნა დაიწყო.
"რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, იქნება ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ვერ დარეგისტრირდა. მშობლებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ბაღს. ბაღები შემდგომ შესაძლებობის ფარგლებში აღნიშნულ ბავშვებს მიიღებენ. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს 4 ახალი ბაღი. ამავდროულად ვამატებთ ჯგუფებს. ეტაპობრივად შევეცდებით აღნიშნული პრობლემა ნელ-ნელა მოვაგვაროთ", - განაცხადა თემურ თორდინავამ.
მისივე ინფორმაციით, ვაკანსიების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისი არ იყო. თორდინავა ამბობს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით სისტემამ გამართულად იმუშავა და საიტს პრობლემა არ ჰქონია.
ამ წუთებში თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ის მშობლები იმყოფებიან, რომლებმაც ბავშვების საბავშვო ბაღებში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.