თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მშობლები ბავშვების დარეგისტრირების მოთხოვნით განცხადებებს წერენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სააგენტოს წარმომადგენლები მათ დამატებითი საშუალების გამოჩენის შემთხვევაში დაკავშირებას ჰპირდებიან.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა ძნელაძის ინფორმაციით, სააგენტო მიღებულ განცხადებებს გადაახარისხებს და ბაღების დირექტორებთან ერთად განიხილავს და მაქსიმალურად ეცდება ყველა განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მშობლები და ბებიები, რომელთაც დღეს ბავშვების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ამ წუთებშიც იმყოფებიან. რამდენიმე მათგანს ბავშვიც ჰყავს მიყვანილი.
ერთ-ერთი მშობლის ლია ბასლანძის ინფორმაციით, მას შვილის 24-ე ბაღში დარეგისტრირება სურდა, 12:30-დან მოყოლებული სისტემა დალოდებას ურჩევდა, თუმცა 12:57 საათზე სისტემამ ამცნო, რომ 25 თავისუფალი ადგილი აღარ იყო. კიდევ ერთი მოქალაქის, ჯული უჩანეიშვილის თქმით, მას შვილიშვილის 63-ე ბაღში დარეგისტრირება სურდა, ინფორმაცია გამზადებული და სისტემაში შეყვანილი ჰქონდა, თუმცა 12:01 საათზე, არსებული თავისუფალი 12 ადგილი დაკავებული იყო. ჯული უჩანეიშვილი სააგენტოში მივიდა, რათა მოითხოვოს ამონაწერი კონკრეტულად დროის რა მონაკვეთში მოახერხა აღნიშნულმა 12-მა აღსაზრდელმა რეგისტრაცია.