"ნაცმოძრაობის" გამო ჰააგაში დაიკარგა შესაძლებლობა, ცხინვალში ეთნიკური წმენდა დაგვედასტურებინა

"ნაციონალური მოძრაობის" არაკომპეტენტურობის გამო ჰააგას სასამართლოში დაიკარგა შესაძლებლობა ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდა დაგვედასტურებინა , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დღევანდელ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების მხრიდან განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

"გუშინ იყო საუბარი, რომ თითქოს საქართველო და იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს. მე შევახსენებ ამ განცხადებების ავტორებს, რომ ჩვენ მოვიგეთ დავა გასულ წელს სტრასბურგის სასამართლოში, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობისგან", რომლის არაკომპენტურების გამო, პროცედურები ვერ დაიცვეს და ჰააგის სასამართლოში დაიკარგა შესაძლებლობა, რომ ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდა დაგვედასტურებინა. ამასთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლებისგან განმარტებებს ველოდებით დღემდე ", - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პროცედურების დაცვით პროცესი წარმატებით დაასრულა ქართულმა მხარემ.

"იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს შესაბამის ნაბიჯებს. მიმართა უკვე სასამართლოს რომ რუსეთის მხარემ გადაიხადოს 70 320 000 ევრო საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის მხარისგან სასამართლო ელოდება შემდგომ პროცედურებს. ეს პროცესი რომ არ ხვდება აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ამდენი უნდა იცოდეთ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც ასეთ უგუნურ განცხადებებს აკეთებთ", - აღნიშნა ბესელიამ.