საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, საბერძნეთი ხისტი ეკონომიის ექსპერიმენტულ ლაბორატორიად იქცა და ეს ექსპერიმენტი ჩავარდა.
ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ციპრასის თქმით, ბერძენი ხალხის თამამი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ევროპასთან კავშირის გაწყვეტას და პირიქით, ისინი ძირითად ევროპულ პრინციპებთან დაბრუნებას აპირებენ.
„გადაჭარბებით ნათქვამად არ ჩაითვლება, თუ ვიტყვი, რომ ბოლო წლების მანძილზე, საბერძნეთი ხისტი ეკონომიის ექსპერიმენტულ ლაბორატორიად იქცა და ეს ექსპერიმენტი ჩავარდა. ჩვენ გვინდა შეთანხმება, რომელიც ბოლოს მოუღებს კრიზისს და გვიჩვენებს, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა“, - განაცხადა ციპრასმა.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ სურს, ევროკავშირის გადასახადის გადამხდელები დატვირთოს.
„მათ უნდა იცოდნენ, რომ ფული, რომელიც მათ აქამდე გაიღეს, მიდიოდა არა ბერძნებთან, არამედ ხმარდებოდა ბანკების გადარჩენას“, - აღნიშნა ციპრასმა.
საბერძნეთის პრემიერმა ასევე დასძინა, რომ საბერძნეთს არ სურს ევროპასთან კონფლიქტი და მზადაა პრობლემა მოაგვაროს, მაგრამ ევროზონა არსებულ კრიზისს "ცეცხლზე ნავთს ასხამს".
7 ივლისს ევროზონის ქვეყნების საგანგებო სამიტი გაიმართა, რომელზეც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის ახალი წინადადებები უნდა წარმოედგინა.
სამიტის დაწყებამდე, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა არ გამორიცხა, რომ საბერძნეთმა შესაძლოა ევროზონა დატოვოს, თუ რეფორმების სანდო პაკეტი არ იქნებოდა. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ის საბერძნეთის ევროზონაში დარჩენას მტკიცედ დაუჭერს მხარს.