საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალის გასტუმრებისთვის, 7 მილიარდი ევროს მიღებას 48 საათის განმავლობაში ითხოვს.
იტალიური გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, ამ წინადადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი განიხილავს. ციპრასი სესხს საბერძნეთის ეკონომიკაში მიმდინარე საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისა და ვალების გასტუმრებისთვის ითხოვს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, საბერძნეთის სიტუაციის გადაწყვეტა ერთ ღამეში ვერ მოხდება და იგი წინააღმდეგია, რომ საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, კითხვაზე უნდა დათანხმდეს თუ არა საბერძნეთი კრედიტორების მოთხოვნას, პასუხი "არა" მოსახლეობის 61.31%-მა შემოხაზა, 38.69% კი მოთხოვნების შესრულების მომხრეა.