"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ოფისთან მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი ლოცვითი აქცია გამართეს

აიკრძალოს ანტისასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, - ამ მოთხოვნით დღეს რუსთაველის გამზირზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ოფისთან სხვადასხვა ტაძრების მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი ლოცვითი აქცია გამართეს.

სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. აქციის მონაწილის, "მართლამადიდებელ მშობელთა კავშირის" თანათავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაფინანსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში გარყვნილების დაკანონებას უწყობენ ხელს. მისივე თქმით, სიცრუეა, თითქოს ისინი საზოგადოების აზრს გამოხატავენ, ასეთი ორგანიზაციები თავიანთი დამკვეთის აზრს გამოხატავენ და წარმოადგენენ უცხო ქვეყნების აგენტურას საქართველოში. უნგიაძის აზრით, ასეთი ორგანიზაციების ქმედება ანტისახელმწიფოებრივია, რაც ქვეყანას ფიზიკურ და ზნეობრივი გადაგვარებას უქადის.

"რატომ არ გვიწვევენ ჩვენ განხილვების დროს ან სხვა არასამთავრობოებს, მაინცდამაინც ესენი, მესამე სექტორი, საკანონმდებლო ინიციატივით და მონიტორინგით ასეთი ორგანიზაციები გამოდიან. ბალანსი არ უნდა იყოს დარღვეული. ერთი მუჭა ხალხია და გამოდიან პირველი სიტყვით და მაღალი ტრიბუნებიდან", - აღნიშნა ავთო უნგიაძემ.

დეკანოზ დავით ქვლივიძის თქმით, კი ქვეყანაში ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა არსებობდეს, რომელიც ხალხისგან ფინანსდება, ხალხის ინტერესებს გამოხატავს და არა - უცხო ქვეყნის ინტერესებს. დეკანოზი მიიჩნევს, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ანტიეკლესიური, ანტიეროვნული და ტრადიციების წინააღმდეგ არის მიმართული, ზოგადად ანტიადამიანურია, ამიტომ დეკანოზი მიიჩმევს, რომ ასეთი არასამთავრობოების მოქმედება უნდა შეიზღუდოს.

აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს მიმართვის ტექსტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოითხოვენ უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას, რომელიც მიმართულია ეროვნული ფასეულებებისა და ღირებულების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები მსვლელობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისისაკენ გაემრათნენ, სადაც ასევე გაიმართება ლოცვითი აქცია.