ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უეფას სუპერთასისთვის მოსამზედებელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, ასევე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომისიიდან აცნობეს, სამთავრობო კომისიის წევრებმა სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის ვადებისა და ფორმების შესახებ იმსჯელეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისგან აღნიშნული საკითხის გარშემო განმარტებები მოისმინეს.
ამასთან, კომისიის წევრებმა სხდომაზე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის განხორციელებული საქმიანობებიც შეაჯამეს და მიმდინარე სამუშაოებზე იმსჯელეს. კომისია მუშაობს სტადიონის ინფრასრუქტურის გაუმჯობესებაზე, რათა "დინამო-არენამ" უეფას ყველა თანამედროვე სტანდარტი დააკმაყოფილოს.
"მონტაჟდება ახალი, თანამედროე სტანდარტებზე მორგებული ინდივიდუალური სკამები და მედიატრიბუნა ეწყობა უეფას სტანდარტების სრული დაცვით. უკვე დამონტაჟებულია დამატებით ახალი განათებისა და გახმოვანების სისტემები. დამონტაჟდა რკალური ტიპის , თანამედროვე ტაბლო. სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. წესრიგდება "დინამო-არენამდე" მისასვლელი გზები. უეფას სადამკვირვებლო კომისიას ქართულმა მხარემ არაერთხელ დაუდასტურა მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერა. მთავრობამ აღნიშნულისთვის 4 მლნ ლარი გამოყო. უეფას სადამკვირვებლო კომისია ანაგრიშის მოსასმენად საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში იმყოფებოდა", - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა. კომისიის წევრები არიან: ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენზე" უეფას სუპერთასის ფინალური მატჩი 2015 წლის 11 აგვისტოს გაიმართება.