ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში გასვლითი შეხვედრები მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში დაიწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ "საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს", შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის," ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
სამინისტროს განცხადებით, პირველი შეხვედრა 6 ივლისს გაიმართა გორსა და ხაშურში, სადაც დამსწრე საზოგადოებას რეფორმის არსი გააცნეს და ტექნიკური პროცედურები აუხსნეს. ამასთან, შეხვედრის ორგანიზატორებმა მოსახლეობას მიაწოდეს იმ მაღაზიების სია და მისამართები, სადაც "სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენაა შესაძლებელი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები დაინტერესებულ საზოგადოებას მნიშვნელოვან და დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონებში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე გააცნობენ.
როგორც სამინისტროში განმარტეს, ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგი ეტაპი 2015 წლის 9 ივლისს განხორციელდება. დილის 10:00 საათზე, ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება გორში, ბეკამში, დუშეთსა და ხაშურში, ასევე გაითიშება გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.
საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა პირველ ივლისს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება.